ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვიზუალური ხელოვნების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა.
სიმპოზიუმი „სახვითი ხელოვნება – ტრადიცია, შესაძლებლობები და გამოწვევები“, წელს ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის დაბადებიდან 75-ე წლისთავს მიეძღვნა და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე მიესალმა, რომელმაც ქართულ კულტურაში ირაკლი ფარჯიანის მიერ შეტანილ ღვაწლსა და მხატვრის მოღვაწეობაზე ისაუბრა.
,,ირაკლი ფარჯიანი იყო ტრადიციების აღმდგენი და გამგრძელებელი ხელოვანი, რასაც მისი თითოეული ნამუშევარი მოწმობს. მათ შორის აღსანიშნავია რელიგიურ თემაზე შესრულებული ნახატები. ირაკლი ფარჯიანის თითოეული ნამუშევარი ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის ტექნიკას, თემატიკასა და ფერებს,თანამედროვე მხატვრებიც აქტიურად იყენებენ,“- განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.
ირაკლი ფარჯიანის ღვაწლზე ისაუბრა ასევე თსუ რექტორის მოადგილემ, ერეკლე ასტახიშვილმა, რომელმაც ასევე მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას.
ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების მხატვრულ ღირებულებასა და ფასეულობაზე ისაუბრა თსუ ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ლევან სილაგაძემ. სიმპოზიუმზე მოხსენებები წაიკითხეს თსუ პროფესორებმა და სტუდენტებმა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სტუდენტების ფერწერული ნამუშევრების გამოფენა.